ანთროპოტოპონიმები სპერიდან
ნაშრომი შესრულებულია საგრანტო პროექტის - ,,სპერი, - ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“ (FR-23-6916) (დამფინანსებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) ფარგლებში
საკვანძო სიტყვები:
ტოპონიმი, აფიქსი, ქვეყანა, სახლის სახელი, ანთროპოტოპონიმიანოტაცია
სპერი ისტორიული ქართული კუთხეა, გაშენებული ჭოროხის სათავეებში. აღვნიშნავთ, რომ 1514 წლიდან იგი ჩამოშორდა (ჩამოაშორეს) ქართულ სახელმწიფოს და ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. ამ დროიდან ხუთ საუკუნეზე მეტი გავიდა, ხუთი საუკუნე გრძელდება სპერის ასიმილაცია, პროცესი შორსაა წასული... აღვნიშნავთ, რომ სპერში ქართული აღარ ისმის (სხვაგვარად, სპერელებმა დაივიწყეს წინაპართა ენა), ქართველი კაცის ნაკვალევს ვეძებთ სპერის ეთნოლოგიაში, მატერიალური კულტურის ძეგლებში, სპერელთა თურქულ ფოლკლორში და ტოპონიმიაში. ძველი საქართველოს მკვლევრები სპერში მოიაზრებენ ბაიბურთსა და ბასიანსაც (ფასიანი). ტოპონიმია ,,მიწის ენაა“, იგი ინახავს ინფორმაციას აქ მცხოვრები ხალხის, მათი სამეურნეო ყოფისა და, ზოგადად, საქმიანობის, ასევე მცენარეთა საფარის შესახებ... წინამდებარე გამოკვლევაში ვსაუბრობთ ანთროპოტოპონიმებზე სპერიდან, კერძოდ, მისი ერთი კუთხის, ბასიანის ტოპონიმიიდან2 . დგინდება, რომ ბასიანში, ზოგადად სპერში, ტოპონიმთა ერთი ნაწილი სახლის სახელებს//მეტსახელ გვარებს უკავშირდება და ისევე იწარმოება როგორც ტაოში, კლარჯეთში, შავშეთში, აჭარასა და ლაზეთში, მეტიც შეიძლება ითქვას, ტოპონიმის ფორმაწარმოება მისდევს საერთოქართულ მოდელს. მხედველობაში გვაქვს ადამიანის საკუთარ სახელს დართული -ნ’ სუფიქსი (აბდიკა-ნ’ი, სურბეხა-ნ’ი...), ანდაც -ის’ სუფიქსიანი წარმოება... გადარჩენილი და დღემდე მოღწეული ყველა ტოპონიმი ძვირფასია მკვლევრისათვის, მათს გამოწვლილვით ანალიზს მივყავართ საქართველოს ასიმილირებული კუთხის, სპერის, ისტორიული სურათის აღდგენამდე. ვფიქრობთ, მთავარი კონტურები მაინც მოიხაზება. რაც მეტს ვიკვლევთ სპერს, ვრწმუნდებით, რომ იგი ქართული ქვეყანაა, თუმცა სხვებიც ჩემულობენ მას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



