-ყე სუფიქსის თავდაპირველი ფუნქციის შესახებ ქართული ენის ისტორიულ მორფოსინტაქსურ მოდელში
საკვანძო სიტყვები:
ისტორიული დიამორფოსინტაქსური მოდელი, სუფიქსმორფემოიდები, გრამატიკული კატეგორიებიანოტაცია
სტატიაში განხილულია -ყე სუფიქსის ფუნქციები ქართული ენის დიალექტებსა და სამწიგნობრო ენაში. გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ შესაძლოა -ყე სუფიქსმორფემოიდის თავდაპირველი ფუნქცია ყოფილიყო მრჩობლობის, წყვილობის გამოხატვა ზმნაში, შემდგომ არის ის მრავლობითის გამოხატვის ფუნქციით, როცა დაეკარგა ორობითი რიცხვის გამოხატვის ფუნქცია. ორობითი რიცხვის კატეგორია მსოფლიოს მრავალ ენასა და დიალექტში გვხვდება, ზოგან ის გრამატიკული საშუალებებითაცაა გადმოცემული. ქართველურ ენებსა და მათ დიალექტებში, ძველ ქართულში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლექსიკური მასალა, რომელთაგან არცთუ მცირე ნაწილი ენაში დღესაც გამოიყენება, მაგრამ გრამატიკული საშუალებები, გამონაკლისის გარდა, ენაში ცნობილი არ არის, ისიც გვხვდება მხოლოდ სახელებში (ხევსურულში). -ყე სუფიქსი ქართულ წერილობით ტექსტებში VII საუკუნიდან დასტურდება, ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრების მცდელობა კი შუა საკუნეებიდან იწყება, კერძოდ, იოანე პეტრიწის ენასა და გელათის სამწიგნობრო სკოლაში. ამ დრომდე ის გავრცელებული ჩანს აღმოსავლურსა და დასავლურ დიალექტებში. მსოფლიოს სხვადასხვა ენაში არსებობს მრჩობლობის/წყვილობის (ორობითი) რიცხვის გამოხატვა როგორც გრამატიკულად, ისე ლექსიკურად, ქართულში ის მხოლოდ ლექსიკურად გამოხატულადაა მიჩნეული, ზემოდასახელებული მაგალითის გარდა. ორობითი რიცხვი ძველი მსოფლიოს ენებიდან არის აზიურ ენებში, ევროპულ ენებში იგი ძველი ინდურიდან მომდინარეობს. ქართულს, როგორც მდიდარი მორფოლოგიის მქონე ენას, უთუოდ უნდა ჰქონოდა გამოხატვის გრამატიკული საშუალებებიც. არ გამოირიცხება ენათა კონტაქტებიც: უძველესი ენებიდან, რომლებთანაც ქართულს კავშირი ჰქონდა, ორობითი რიცხვი აღდგენილია ხეთურში, ჰქონდა ძველ ანატოლიურ ენებსა და ბერძნული ენის ატიკურ დიალექტს. ბევრ მკვდარ ენაში ის უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაიკარგა. ორობითი რიცხვი ჰქონდა არაბულსაც, რომლის კვალი იპოვება არამეულ ენაში. არამეული ენა საქართველოში გავრცელებული იყო ქრისტეს შემდგომ საუკუნეებში. ამავე პერიოდის არაბულსაც იგი ჰქონდა. არაბულის საქართველოში არსებობის პერიოდსაც სიმპტომატურად ემთხვევა -ყე ნაწილაკის დადასტურება. მიჩნეულია, რომ წყვილობის გამომხატველი გრამატიკული საშუალებები დაკავშირებულია ენათა განვითარებულობასთან ანუ განვითარებულ ენობრივ ცნობიერებასთან, მაგრამ გვხვდება ეგზოტიკურ ენებშიც (ვ. ფონ ჰუმბოლდტი). დასაშვებია ქართულში მთის იბერიულ-კავკასიური ენების მორფოლოგიური ინვენტარის გამოყენებაც: ამ ენებში იპოვება რიცხვითი სახელ ორის აღმნიშვნელში ყო, ყუ, ყ ე, ყა და ყე მარცვლები. მთის კავკასიური ენებიდან მომდინარეობენ ქართულში ფუძეები: ტყუ-ბი/ტკუ-ბი/ტყუ-ჭი... რომლებშიც ტ განვითარებულად ითვლება, იგივე ძირი დასტურდება ძველ ქართულშიც: ტყუ-ელ-ვ-ა ,,ორივე ხელით ტაშის ცემა“. ზანურსა და სვანურში რიცხვითი სახელ ორის აღმნიშვნელებში, ერთი მხრივ, გვაქვს ორი, მეორე მხრივ, ყ-ორი. ირკვევა, რომ მეგრულსა და ჭანურში ფონეტიკურად ყ-ს -ად შენაცვლება დოკუმენტურად საბუთდება. გამოთქმული მოსაზრება, რომ -ყე არის განსაზღვრებითი ნაცვალსახელის ყველას ცვეთის შედეგი (არნ.ჩიქობავა), შესაძლოა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. ქართულში მრავლობითის აღმნიშვნელი ნიშნები სხვადასხვა კილოური წარმომავლობისაა. -ყ და -ყე ზმნაში პირისა და რიცხვის ნიშანი არ არის, ის მხოლოდ მიუთითებს სიმრავლეზე, გამოხატავს მრავალგზის მოქმედებასაც. -ყე რომელიღაც ქართული კილოს კუთვნილება ჩანს, რომლის თავდაპირველი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ზმნის პირთა ორობითობის აღნიშვნა, შემდგომი მოვლენა უნდა იყოს მისთვის სიმრავლის გამოხატვის ფუნქციის დაკისრება, როცა უკვე დაეკარგა ორობითობის გამოხატვის ფუნქცია, შდრ. მსოფლიოს სხვადასხვა ენაში ასევე ჩანს იგი გადაშენებული, ხოლო მრავალდიალექტიან ძველ ბერძნულში იგი მხოლოდ ატიკურ დიალექტში დასტურდება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



